უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ხალხს მოუწევს აზრის გამოთქმა და კომპრომისის ამა თუ იმ ფორმაზე პასუხის გაცემა. როგორი იქნება ეს კომპრომისები რუსეთთან ჩვენი მოლაპარაკებისა და ურთიერთგაგების საგანია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან ზელენსკიმ განაცხადა, რომ რეფერენდუმზე გასატანი საკითხები უსაფრთხოების გარანტიებს, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ყირიმს შეეხება.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არიან NATO-ს წევრები, რომლებსაც სურთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რაც ნატოს უნდა გაეკეთებინა, უკრაინა რომ ალიანსის წევრი ყოფილიყო. „მივიჩნევ, რომ ეს ნორმალური კომპრომისია“, - განაცხადა მან.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს